ისტორიული მიმოხილვა

ლიტერატურული მიმოხილვა

მაყაშვილთა გოდება

კოლაუ ნადირაძე

ტიციან ტაბიძე

ნაწარმოებები მასალები

 

 

 

 

ცისფერი ყანწების” ლიტერატურული ჯგუფი

მე-20 საუკუნის ათიან წლებში, ქუთაისში შეიქმნა ახალგაზრდა სიმბოლისტების გაერთიანება, რომელსაც ეწოდა უცნაური სახელი “ცისფერი ყანწები”. ამ პოეტურმა სკოლამ მთელი მისი არსებობის პერიოდში, გარკვეული კვალი დააჩნია ქართულ მწერლობას. “ცისფერი ყანწელების” პოეტური ორდენი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ჩამოყალიბებული ლიტერატურული პროგრამით და მანიფესტით, რომლითაც მან საზოგადოებას ამცნო თავისი მხატვრულ-ფილოსოფიური კრედო. რომანტიკოსები ეძებდნენ ცისფერ ყვავილს, რომელიც ისევე მისტიკური იყო, როგორც შუა საუკუნეების ქრისტიან რაინდთა გრაალის თასი. სიზმარეულმა ცისფერმა ყვავილმა ზმანებაში ქალის სახე მიიღო და მატილდა დაერქვა. შემდეგ სიმბოლისტემბა აიტაცეს ცისფერი, როგორც შორეთის, უსაზღვროსა და იდუმალის ანუ მიღმული სამყაროს-სულთა საუფლოს ნიშანი, რაც ყოფით ენაზე სიკვდილს ნიშნავს.

“აქ მრავალი ცისფერი ფერი, ეს ფერი მარად თვალს ეყვარება” წერდა ჭაბუკი გალაკტიონი 1916 წელს.

ცისფერს ქართული ყანწები შეერწყა. ქართული ტრადიციის ატრიბუტი, რომელიც ხმიანებდა ახალგაზრდების შემეცნებაში და უკავშირდებოდა თრობას და ბოჰემას. ამ ორი სიტყვით მიღებული მეტაფორა ნიშავდა მარადისობით გატაცებას, სწრაფვას იდუმალი და შორეული ნაპირისაკენ.

ნიკოლო მიწიშვილი

ჩვენ - ,,ცისფერი ყანწები"

მარად ლექსები, პოეზია, გადაქანება. საქართველოს კი დაუბერა ციებამ, სურდომ, ჩვენ პოეზიამ თავი მაინც ვერ დაგვანება და ვერ გაგვტეხა შემოსეულ სიკვდილთა ურდომ.

სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები, ფეხზე ვიკიდებთ ჰენიოსთა დაფნის გვირგვინებს, ჩვენ გავიცინებთ თეთრ ფერებში გადაცმულები.

ჩვენ ლექსებს დავწერთ, ავტირდებით და ავატირებთ, ჩვენი დარტყმული ამ ქვეანას დარჩება ლარი, თვალწამოვარდნილ საქართველოს გადვინადირებთ და ჩვენს ლექსებზე აინთება ლოცვის ოლარი.

ის თუ რომელი წელი უნდა მივიღოთ ამ ქართული სიმბოლისტური სკოლის შექმნის თარიღად, ცალკეულ ავტორთა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. რიგი მწერლებისა თუ ლიტერატურათმცოდნეებისა 1915 წელს ასახელებს, რიგი კი-1916 წელს, ჟურნალ “ცისფერი ყანწების” გამოსვლის თარიღს უკავშირებენ,

რომელშიც დაბეჭდილი იყო ჯგუფის ლიტერატურული მანიფესტი. ახალი სკოლის გამოჩენას არაერთგვაროვნად შეხვდა მაშინდელი საზოგადოება. კიტა აბაშიძეს უთქვამს: ,,ჩვენს ლიტერატურაში ახალი მიმართულება გაჩნდა, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა გულისწყრომით შეხვდა. მაგრამ ასეთია ყოველი ჭეშმარიტად ახალი მიმართულების ბედი; ილიასა და აკაკის სარბიელზე გამოსვლასაც ხომ ასევე შეხვდა მაშინდელი საზოგადოება". ამ ჯგუფის შემკრები, ორგანიზატორი და მისი პირველი ჟურნალის რედაქტორი იყო პაოლო იაშვილი, რომელიც ჩასულა სიმბოლიზმის სამშობლოში, მოევლო პარიზი, გასცნობოდა მონმარტსა და ლათინურ კვარტალს, პაბლო პიკასოსა და გიიონ აპოლინერს და ახლა ეწადა პროვინციულ ქუთისში წმინდა ხელოვნების სული დაემკვიდრებინა. სანდრო ცირეკიძის სიტყვით - “დირიჟორი ყველაგან - პაოლო იაშვილი არის გაბედული არქიტექტორი, ორდენის. ატლანტივით ორივე ხელით უჭირავს ცისფერყანწელების სიმძიმე”.

”წითლი ხარის გამძლებია მაგარი ჯიში და იალაღზე შენ იქნები მუდამ წინამძღვრად”,- მიმართავდა პაოლოს ტიციან ტაბიძე.

პაოლო საზოგადოებას აოცებდა სიურპრიზებით და ექსპრომტებით. გალაკტიონის შემდეგ, ის იყო ყველაზე ნიჭიერი ლირიკოსი. “ცისფერი ყანწების” “წინათქმა” - მანიფესტი პაოლოს ეკუთვნოდა. მართალია, ჟურნალში დაბეჭდილი მასალები სიმბოლისტური იყო, მაგრამ მანიფესტი უფრო გავდა მარინეტისა და სხვათა ფუტურისტულ დეკლარაციებს. მარინეტის მანიფესტის თვალმიდევნებით წერს პაოლო იაშვილი: “ვისაც სურს მან უმღეროს გაზაფხულის ყვავილებს, მთვარეს და საღამოს მყუდროებას, დამშვიდებულსა და ტკბილ სიყვარულს, ტყის იდუმალებასა და ფრინველთა გალობას. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გადაიქცეს უსაზღვრო, მეოცნებე ქალაქად, სადაც ცოცხალი ქუჩების ხმაურობა შეცვლის ყვავილოვანი ველების ზურმუხტობას.” იგი სოლიდარობას უცხადებდა ფუტურიზმის ბელადს: “ვადიდებთ დამსხვრევის მშვენიერებას. უარვყოფთ წარსულს, როგორც მზით განათებულს , ისე ღამეში შეწუხებულს, წარსულის ოქროს გვირგვინებს გამოვტაცეთ ძვირფასი მარგალიტები და გადავისროლეთ დავიწყების ზღვაში”.

პაოლო იაშვილი

ავტოპორტრეტი

ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული, ბუნებით შავი, ხელოვნურად გათეთრებული, ლამაზ რითმისთვის ერთი წამით ჩაფიქრებული ვამაყობ მითი რომ არა მაქვს ვრცელი წარსული.

დამონებულ ხალხს შევაპარე სიტყვა თარსული, ყოველთვის მელის მშვენიერი ქალთა კრებული, მხოლოდ უალდის ყელსახვევით გაკვირვებული, მათრობს გაშიში, სურნელება ძველი, სპარსული.

საქართველოში არ იწამეს ჩემი დენდობა, მაგრამ ბოდლერის ცივი ლანდი მე თუ მენდობა, ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი. მე მახალისებს მხოლოდ ჩემი Salto-Mortale, შევხარი მზესა, ვეტრფი მთვარის ყვითელ ხავერდსა და რუსთველთან გადავდივარ მე ალავერდსა.

1917

ერთი სიტყვით, პაოლო იაშვილის მანიფესტი არის სიმბოლიზმისა და ფუტურიზმის ლოზუნგების ნაერთი, რომელშიც მთავარია ფუტურისტული იდეები. “ჩვენ გვსურს შევქმნათ გაუგებარი და საოცარი სიტყვები”.

1922 წელს, როცა ქართველმა ფუტურისტებმა დაბეჭდეს “საქართველო - ფენიქსი”, თავიანთი იდეები გადმოსცეს სიმბოლისტური პათეტიკით, ნიცშესებური სტილით. როგორც ჩანს, პაოლო იაშვილი ვერ ხედავდა , რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს გამორიცხავდა და მათი შეხამება ისევე ვერ მოხერხდებოდა როგორც ცეცხლისა და წყლისა.

პოეზია გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი, და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები, ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი, თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები. არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი, მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად, მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი, როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება. დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“, მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი. რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო, რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა, რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო, რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა. შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი, და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად, გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი, აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება. რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი, მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია. 1926 (2-ე ნაწილი)

1916 წელს “ცისფერი ყანწების” ლიტერატურულ ჯგუფში გაერთიანდნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ივანე ყიფიანი, სანდრო ცირეკიძე და სხვა. 1918 წლიდან მათ შეემატნენ: გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი, რაჟდენ გვეტაძე შალვა აფხაიძე, შალვა კარმელი, ნიკოლოზ მიწიშვილი და ალი არსენიშვილი. ტიციან ტაბიძე ავტოპორტრეტი უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები, სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა. იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები, მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა. მასსენეს ელოდნენ დათლილი თითები, ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები, სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები, ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით. აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი, ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი, ვფურცლავ მალარმეს “Divigation”-ს. იყავ რაც გინდა, შავი, საცოდავი, ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე, რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო. 1916

კოლაუ ნადირაძე ოცნება საქართველოზე სანდრო ცირეკიძეს დავიწყებული ძველი ფონები და ნანგრევები დიდ ციხეების: ჩვენი დიდება მოსაგონები, ფართო ჩრდილები ცაცხვის ხეების. შედიხარ ჩუმად, გრილი ტაძარი... მოთაფლისფერო სახე მამების; და საცეცხლურში ცოტა ნაცარი და შავი ხატი წმინდა სამების. ნიშანი ბედის - კარზე ნალები, სახურავები დასავსებული და ღვთისმშობელის მოგრძო თვალები უმანკო სევდით ამოვსებული. 1917

“ცისფერი ყანწების” ლიტერატურული ჯგუფი სხვადასხვა დროს უშვებდა შემდეგ პერიოდულ გამოცემებს: გაზეთები - “ბარიკადი”(რედაქტორი - ტიციან ტაბიძე), “ბახტრიონი”(რედაქტორი - გიორგი ლეონიძე), “რუბიკონი”,”ლაშარი” და “პოეზიის დღე”(რამდენიმე ნომერი); ჟურნალები - “ცისფერი ყანწები”(რედაქტორი პაოლო იაშვილი), “მეოცნებე ნიამორები”(რედაქტორი პაოლო იაშვილი) და “მშვილდოსანი”(რედაქტორი სანდრო ცირეკიძე). “ცისფერი ყანწები” ორგანიზაციული თვალსაზრისით ეს იყო მტკიცედ შეკრული ლიტერატურული ჯგუფი მწერლებისა, რომლებიც გამოირჩეოდნენ ურთიერთ -ლიტერატურული მხარდაჭერით, როგორც ბეჭდვით ორგანოებში, ასევე საჯარო გამოსვლებსა და დისკუსიების დროს. ყანწელებში, შინაკორპორაციულ დისციპლინასთან ერთად, იგრძნობოდა საერთო მხატვრულ-ესთეტიური რწმენისადმი ერთგულება და ერთსულოვნება.”ცისფერი ყანწების” სიმბოლისტურ სკოლაში არ ქონდა ადგილი შიდაკორპორაციულ დაჯგუფებებს, ერთგვარ ლიტერატურულ ჯგუფშიგა “მწვალებლობას”. გალაკტიონ ტაბიძე

ეს რა ნიაღვრებს ვეზუვუ ისვრის? - ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის. რა სიბნელეში დგას ცეცხლის სვეტი? - - ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრის და თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი. - ეს რა შავბნელი კვამლი მოედო, რა ბურუსები მოაქვს რგოლებად? - ეს შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო, თან მოსდევს წყევლა და დაბრკოლება. - ეს რა გრიგალმა დაიწყო ძრწოლა, რა ჟრუანტელი წყვდიადს აწუხებს? - ეს შენი ისმის სიმღერის ბრძოლა, ბრძოლაზე ბრძოლით რომ უპასუხებს... -ეს რა ბრწყინვალე მზე ამოენთო, რა ჟრიამულმა გადაიჟღერა? - ეს სიმღერაა შენი, პოეტო, გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა!

“ცისფერყანწელები” შეუცვლელ ავტორიტეტად მიიჩნევდნენ გრიგოლ რობაქიძეს, რომელსაც საზოგადოება აღიარებდა და მათზე 10-15 წლით ადრე მოევლინა ქვეყანას. მას უწოდებდნენ თავიანთი ორდენის “კარდინალს”, “უწმინდესსა” და “უნეტარესს” (პაოლო), “მელექსეთ ბაშს”(ტიციანი) “დროშასა” და “მხედართმთავარს”(გიორგი ლეონიძე), “ქართული პოეზიის ტვინს”(ნიკოლო მიწიშვილი), “პოეზიის მეტრს”(პავლე ინგოროყვა). ეს მაშინ, როცა გრიგოლს ჯერ არ დაეწერა “ლამარა” და “გველის პერანგი”. ხოლო გალაკტიონზე დუმდნენ, თუმცა დაბეჭდილი ჰქონდა უმთავრესი შედევრები! ჟურნალ “ცისფერი ყანწების” პირველ ნომერში ტიციან ტაბიძე წერდა: “სიმბოლიზმი ჩვენში შემოიტანა გრიგოლ რობაქიძემ. მისი ლექსები პირველი სიმბოლისტური ლექსებია.”


გრიგოლ რობაქიძე ტიციან ტაბიძეს შენში იწვიან ძველ ქურუმთა ლოცვის თესლები. ტკბილი სონეტი ესიტყვება გვართა მოირას. ხსოვნას გილბობენ იზიდასი შენ სარეცლები: ქალდეას სიზმარს რომ აგრძელებ ასე ზმორიანს. ცხელ ზმანებაში ქვეყნის საშოს თითქო ეცლები: ჟღალი თვალებით “შიში ძველი” შენთან მოიარს. წარღვნის სიავით ამღვრეული დაიგესლები სიკვდილის ღრენა ფიქრს დაგიფრთხობს როგორც მორიალს. ღამის გუბეში გალეშილი ბნელი ქაოსი შენში აპირებს მუნჯი რიტმის უხვად ამოცრას, როს მოგესხმება ლუში ლირწი მისი ხავოსი, - ყივილით ისვრი საიდუმლო სიტყვას საოცარს არ შეგეშინდეს ძნელი ცნობის: ბავშო ტიციან: რომ დიონისო შენი ჩუმი ძმადნაფიცია. სტამბოლიდან-ბათომს 1919 მარტის 31, ბრიტანიის გემი “კატიომბა” პაოლო იაშვილს ჯადოქარობით ეზიარე ირანელ დავრიშს, სავნებო ცეცხლით შეიზარდე მზის თაყვანება კაფეს ხმაურში გამოსჭერი ლაღი ზმანება ნათალი ლექსი უთავაზე პარიზს და თავრიზს. გიყვარს ტოღობა თავადობა ამაყი მთვარის თან გეხამება ჯამბაზური შენ გაქანება. ხან უცნაური, ქედმაღალი, ურჩი, თავნება, გშვენის ყივილი და ნავარდი დაჭრილ კენტავრის. პოეზიაში შემოიჭერ როგორც ბანდიტი, ერთი შეძახით შეარყიე მრავალი ტახტი უდარდო ხელით მოაბნიე თვალ-მარგალიტი. შორს გადისროლე მოელვარე მაგარი ლახტი. მხოლოდ სიმთვრალე შაირისა გულით დაინდე მოწითურ რაშსა მიაქანებ თეთრი რაინდი.

საქართველოს ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი. ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული. ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი. და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული. ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული. მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური, მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა. მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის: უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, - და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი. 1919 შეიძლება ითქვას, “ცისფერი ყანწები” სიმბოლისტურ მიმდინარეობად აქციეს გალაკტიონ ტაბიძემ, ტიციან ტაბიძემ და ვალერიან გაფრინდაშვილმა. მათ თავიანთ რკალში გადაიყვანეს პაოლოც, გრიგოლიც და იოსებ გრიშაშვილიც. ტიციანი და ვალერიანი თეორიიდან ამოდიოდნენ და ისე თხზავდნენ პირველ სიმბოლისტურ ლექსებს. ხოლო გალაკტიონს უკვე დაწერილი ჰქონდა სიმბოლისტური ლირიკის წარუვალი ნიმუშები. ცისფერყანწელთა ძირითადი პრინციპები იყო: 1.ხელოვნურობის პრიმატი. 2.ორიგინალობა. 3.საკუთარი ,,მე"-ს გამორჩეულობის განსაკუთრებული შეგრძნება. 4.პოეტური ნიღბების სიყვარული. 5.ბოჰემა 6.სიმახინჯის ესთეტიზება და სხვა.

ვალერიან გაფრინდაშვილი სანტიმენტალური ტრიოლეტი ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი. შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა. მე მარტოობის ცივი თოვლი დიდხანს მეხურა. ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი.

მთელი ქართული მოდერნიზმი ევროპისკენ სწრაფვა იყო. ეს ტენდენცია გადავიდა პოლიტიკაშიც და ასე გამოხატა მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ: ”მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებსო.”

“ცისფერყანწელები ერთი პოეტია”, სამართლიანად შენიშნავდა შვიდი წლის შემდეგ პაოლო იაშვილი, ბუნტირი, იმპროვიზატორი და ორატორი. ყანწელთა ორდენს ქონდა დისციპლინა, საოცარი სიყვარული და თანადგომა ერთმანეთისადმი. ამით ისინი მართლაც გავდენ ცამეტ ასურელ მამას, ქართლში რომ დათესეს ნამდვილი ქრისტიანობა. მაგრამ კარჩაკეტილები არ ყოფილან, პირადადაც იცნობდნენ რუს მოდერნისტებსა და ავანგარდისტებს. ყველა “ცისფერყანწელმა”, გიორგი ლეონიძემაც კი, თავისი საუკეთესო ლექსები დაწერა სიმბოლისტობის პერიოდში.ისინი კოლექტიურად ამკვიდრებდნენ იმ ესთეტიკას, რაც გადმოსცა ერთადერთმა გალაკტიონ ტაბიძემ, და მათზე გაცილებით უკეთ. მაგრამ ყველა “ყანწელი” ერთ აზრს როდი იმეორებდა. მათ ქონდათ საკუთარი თვალთახედვა, ოღონდ მეტი რამ აერთიანებდათ, ვიდრე სთიშავდათ. ასევე მიიჩნევდნენ, რომ როგორც რუსთაველის ,,მოწყვეტილმა" სიტყვამ დააგვირგვინა უნივერსალური საქართველო, ასევე, გვირგვინით უნდა შეემკო იგი ახალ სკოლას - სიმბოლიზმს. მას უნდა გაეცხოველებინა მდიდარი ფერები, სურნელოვანი ხმები, წინათ უცნობი განცდა აესახა - ამისთვის კი შეექმნა ახალი სიტყვები, გაეხალისებინა ძველი, ობით დაფარული თუ დაჟანგული.
(3-ე ნაწილი)

,,დღეს პოეზია ქმნის ახალ მითებს. წარმართულმა და ქრისტიანულმა მითოლოგიამ დაკარგა კავშირი ჩვენს შეგნებასთან და პოეტიც სხვა ობიექტებს ეძებს თავისი შემოქმესდებისათვის. ძველი მითები არავის არ სწამს, იმავე დროს ჩვენ გვინდა მითი, ჩვენ გვწყურია მითი", - წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი. ცისფერყანწელთათვის წაშლილი იყო ზღვარი წარმოსახულსა და რეალურ სამყაროებს შორის. მათთვის ყველაფერი რეალურია, რაც აისახება პოეზიაში. მათთვის სამყაროს მეტაფორულობა იხსნება პოეზიით, ამ გზით ისინი მარადიულობას ეზიარებიან.

გალაკტიონ ტაბიძე ხელოვნება ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით, დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით? გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის, და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის. დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე, ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე. და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი, რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი? და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება. ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!.. მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: - "ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული. ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი, რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი... არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი, მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი. არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი, აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!" შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება... მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება. 1909
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ დაიწყო ,,ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის მხატვრულ-იდეური კრიზისი. ამის მაუწყებელი იყო ის ლოზუნგი, რომელიც მათ გადმოისროლეს 1923 წლის დასაწყისსი, კერზოდ - ,,დაბრუნება მიწასთან". მაგრამ ცისფერყანწელები გრძნობდნენ, რომ ,,დაბრუნება მიწასთან" ძველი სიმბოლისტური ესთეტიკითა და დეკადენტური მხატვრული პროდუქციით შეუძლებელია, რომ დრო ახალ თემებსა და პოეტურ სახეებს მოითხოვს, რომ საჭიროა ახალი გზების ძიება პოეზიაში. ამ ახლისადმი დამოკიდებულების გრძბობამ მისცა პირველი ბზარი ,,ცისფერი ყანწების" პოეტურ ორდენს - ნაწილი მისი წევრებისა ახალ ფორმალისტურ ძიებებს მიეცა. ეს მხატვრულ-იდეური წინააღმდეგობანი ,,ცისფერი ყანწების" რიგებში დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა და მის ორგანიზაციულ მხარესაც შეეხო. ლიტერატურული ორდენის წევრებმა ეს კრიზისი დაძლიეს 20იანი წლების მეორე ნახევარში, თუმცა კრიზისის დაძლევამ კიდევ უფრო დააჩქარა ,,ცისფერი ყანწების" დაშლა და საბოლოო ლიკვიდაციის წინაშე დააყენა. 1960 წელს შ.აფხაიძემ ჟურნალ ,,მნათობის" ფურცლებზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ,,ცისფერი ყანწების" კრების ოქმს, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ჯგუფის ლიკვიდაციის შესახებ. აი ეს დადგენილებაც: ,,ლიტერატურული ჯგუფი აღიარებს, რა: 1. რომ მისი სახელწოდება და ლიტერატურული პრაქტიკა აღნიშნავდა ობიექტურად წვრილ-ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ ბაზაზე აღმოცენებულ ესთეტიკურ-ინდივიდუალისტურ იდეოლოგიის გამოვლინებას. 2. რომ საქართველოს ოქტომბრის მიერ შექმნილმა და შემდეგ გაღრმავებულმა გიგანტურმა სოციალურმა გარდაქმნამ ჯგუფის მერმინდელ პრაქტიკას ნაწილობრივ მისცა ახალი შინაარსი. 3. რომ თანამედროვე რეკონსტრუქციის პერიოდის შინაარსის მისაწვდომად და მისი ანარეკლის მოსაცემად საჭიროა სხვა შემოქმედებითი მეთოდები, რომელიც იჭედება მოწინავე რევოლუციური ლიტერატურის მთლიან ფრონტზე და რომ მომავლის დაუფლებისათვის ,,ცისფერი ყანწების" განვლილი იდეოლოგიურ-მხატვრული გზები დაძველებული და უვარგისია.

 

 

 

<<< უკან

 

 

პროექტის შესახებ

ავტორები და კონსულტაციები

ფოტო გალერეა

კონტაქტი

 

© 2008 წელი. Ή 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Π₯остинг ΠΎΡ‚ uCoz