ისტორიული მიმოხილვა

ლიტერატურული მიმოხილვა

მაყაშვილთა გოდება

კოლაუ ნადირაძე

ტიციან ტაბიძე

ნაწარმოებები მასალები

     
 

ტიციან  ტაბიძე

 გრიგოლ რობაქიძეს

 

ბაღდათის, ტირის, გააცოცხლე ძველი ოსტატი

მორჩილი ხელი ჰკალავს ზურმუხტს, ალმასსა და ლალს

ტიტველ სირენას და მოთენთილ მადონას დალალს

ყველაფერს იტევს შენი ლექსი მოანდამანტე.

ჭიხვინით მორბის და მორეკავს თეთრ ცხენის რახტი

შვადღის სიცხეში გაალებულს გისმენთ მზით დამთვრალს

მაგი ჟონგლერი თვალს აყოლებ ვარსკვლავთ კარნავალს

საქართველოს ბედს დააფარე შეგნების სალტე.

ხან მეორეჯერ მონათლული დანტეს ემბაზში

იყავი მეფეზეცას გიწერს ბედის მწერალი

დაცემის ორმო და აღდგომის თეთრი მწვერვალი

დიდების ცეცხლი მარად გინთებს სამეფო კარავს,

გამარჯვების მზეს უბედობა ვეღარ დაფარავს

პოეტს, მეგობარს მაამაყებ მელექსეთ ბაში.

 

 

(ასე მგონია, თითქო ვხედავდე...)
ტიციან ტაბიძე

ასე მგონია, თითქო ვხედავდე,
რომ უზარმაზარ კოლხიდის ბაღებს
სამი წლის შემდეგ ქართველი ხალხი
აღფრთოვანებით შეაღებს კარებს.
გადაშლილია თვალმიუწვდენი,
უსაზღვრო სივრცის ციტრუსის ბაღი,
ზღვას გადულახავს თავის ზღუდენი
და ცასთან ერთად შეუკრავს თაღი.
ამდენი ნერგი რა ხალხმა დარგო,
ვინ შეარჩია ფერად ხეხილი.
ამ დიდ ხეებზე როგორ მოარგო,
ვაზი ულვაშებგადაგრეხილი?
ჩერქეზ მინდორზე შავი ზღვის ნისლად
ჩამდგარან ჩაის აქ ჩარდახები,
მართლა ღირს კაცის ნახვად და მოსვლად,
როგორ მოეხსნა ხალხს არტახები!
 


ჩერქეზის ქალებს, ოდიშელს, აფხაზს,
ერთად გაუბამთ დური ფერხული,
დიაცის შრომას ვინ გაიკვირვებს
ანდა რითაა ეს უხერხული.

გასინჯეთ ყველა კარაბადინი,
გაყვითლებული ყველა ეფუთი,
ვის უწერია: ხილთა ქებაში
ფეიხოია და გრეიფრუტი.

ზღვა ვარაყშია, როგორც კანკელი,
გიკვირს, ტალღებში არ იყურები,
და ანათებენ, როგორც კანდელი,
მანდარინების მალაღურები.

გამოუჭრიათ თითქო ფლორიდა
ცა-დედამიწის დიდი ნოხიდან,
ჯერ კიდევ ბავშვი, თავის გორიდან
სიბრძნეში სჭვრეტდა ახალ კოლხიდას.

მოაქვთ კალთებით, მოაქვთ გიდლებით,
შქერის გოდრებით, ჩელტის ურმებით,
მოსავლის ხვავით ნუ გაკვირდებით,
და აღებასაც ნუ ეხუმრებით.

წავა აქედან ვლადივოსტოკში,
გასავლელი აქვს გზა ტაიგამდე,
ფორთოხალია, ვაშლი თუ კომში
მიაღწევს მუშის ვრცელ მაგიდამდე.

დგას მშრომელების ჯარი მამაცი,
ყველა ოფლს იწმენდს - ქალი და კაცი,
რომ გაიტანოს ეს დიდი ლელო,
მუდამ ჰყვაოდეს ეს საქართველო...


 

ლექსი მეწყერი
ტიციან ტაბიძე

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

 

.

 

 

<<< უკან

 
     
 

პროექტის შესახებ

ავტორები და კონსულტაციები

ფოტო გალერეა

კონტაქტი

 

2008 წელი. 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Хостинг от uCoz